ზაზა ფაჩულიამ ამჯერად ორმაგი დუბლი ვერ შეასრულა, მაგრამ შედეგიანობით მაინც გამოირჩა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მისმა გუნდმა „ატლანტამ“ მეტოქე დაამარცხა.
„ჰოუქსი“ იმ „კლივლენდს“ მასპინძლობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სტუმრად 103: 87 გაანადგურა. ამის გათვალისწინებით, მორიგი წარმატება არ უნდა გაჭირვებოდა, მაგრამ კლივლენდელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მასპინძლებს და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს. დამატებით დროში კი მაინც ძლიერმა იმარჯვა – ატლანტელებმა 103:102 დაამარცხეს „კავალერზი“ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილი გაიმყარეს.
ფაჩულიამ მოედანზე გატარებული წუთების მხრივ მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა. ქართველმა ცენტრმა მთლიანობაში 48 წუთი ითამაშა და თავი 14 ქულას, 7 მოხსნას, 2 ჩაჭრას და თითო დაფარება–პასს მოუყარა. ზაზამ 12–დან 5 ორქულიანი და 4–დან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ჯოშ სმიტი გახა – 32 ქულა, 17 მოხსნა, 5 პასი, 3 დაფარება.
ატლანტელებს 27 მოგება და 20 მარცხი აქვთ. მომდევნო შეხვედრა ფაჩულიას გუნდს 24 მარტს, „ნიუ ჯერსისთან“ ელის.
ზაზა ფაჩულია ტრისტან ტომპსონს უფარებს