ფაჩულიამ “ატლანტას” მეხუთე გამარჯვებაში 12 ქულა შეაწია

ფაჩულიამ “ატლანტას” მეხუთე გამარჯვებაში 12 ქულა შეაწია

მეხუთე მატჩი მიმდინარე სეზონში და მეხუთე გამარჯვება – ასე შთამბეჭდავად დაიწყო ნბა–ს რეგულარული ჩემპიონატი ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსმა“. „ქორების“ მორიგი ლუკმა „დეტროიტ პისტონსი“ გახლდათ, რომელიც ჯორჯიელებმა ატლანტაში 94:85 დაამარცხეს.
 
რაც ყველაზე სასიამოვნოა, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჩინებულად ითამაშა. ზაზამ 7–დან 6 ორქულიანი ჩააგდო და თამაში 12 ქულით დაასრულა, რასაც 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ფაჩულია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მთლიანობაში 18,39 წუთი გაატარა.
 
ატლანტელთაგან საუკეთესო ჯოშ სმიტი გახდა, რომელმაც 22 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, „ქორების“ ძირითად ცენტრ ალ ჰორფორდს კი 18 ქულა და 8 მოხსნა მოუგროვდა. დეტროიტელებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს ატლანტელებს და პირველი ტაიმი მოუგეს კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეძლეს თამაშის სადავეების მოხელთება და საბოლოოდ 9 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.
 
დღესდღეობით ატლანტელებს ყველაზე უკეთესი შედეგი აქვთ ლიგაში მოქმედ ჩემპიონ „ლეიკერსთან“ ერთად. 5 მატჩიდან 5 მოგება მხოლოდ ამ 2 გუნდს აქვს. მომდევნო მატჩს ატლანტელები 5 ნოემბერს მინესოტაში ითამაშებენ.