„ატლანტა ჰოუქსმა“ ამ გამთენიისას მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა სტუმრად „მინესოტას“ მოუგო – 112:87. თუმცა სანამ ჯორჯიელები ისვენებდნენ, წინა დღეებში მათმა კონკურენტებმაც იმარჯვეს და დღევანდელ გამარჯვებას „ატლანტასთვის“ ცხრილში არაფერი შეუცვლია. „ბოსტონის“, „კლივლენდისა“ და „ორლანდოს“ შემდეგ „ქორები“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე არიან.
ფაჩულია მოედანზე მისთვის განკუთვნილი დროით გამოჩნდა. უკვე რამდენი ხანია, ქართველ ცენტრს 15 წუთზე ნაკლებს და 20–ზე მეტს არ ათამაშებენ. ამჯერად ზაზამ მოედანზე 19:39 წუთი დაყო და შედეგიანობაც დაახლოებით მისთვის საშუალო ჰქონდა. ფაჩულია მიმდინარე სეზონში მატჩში საშუალოდ 5,5 ქულას და 3,4 მოხსნას აგროვებს – „მინესოტასთან“ კი 4 ქულა და 2 მოხსნას დასჯერდა. მან 4–ჯერ ესროლა ორქულიანი და 2 მათგანი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ცენტრმა 6 პერსონალურის გამო დატოვა მოედანი.
მომდევნო მატჩს „ატლანტა“ ხვალ დენვერში გამართავს.