ზაზა ფაჩულიას კიდევ ერთი უმაღლესი დონის თამაში. ქართველმა ცენტრმა თავის ყოფილ გუნდ „ატლანტასთან“ შთამბეჭდავად ითამაშა, ოღონდ მისი შედეგიანობა ლიგის აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერის სტუმრად დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
„მილუოკიმ“ ატლანტაში ჩატარებული მატჩი 13 ქულით – 88:101 წააგო. „ხარირმებმა“ ბოლომდე იბრძოლეს და შანსს უკანასკნელ წუთებამდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ როცა თამაშის დასასრულმა მოატანა და სხვაობა 10-ქულიან ზღვარს არ ჩამოსცდა, ყველაფერი დამთავრდა.
ფაჩულია „მილუოკიში“ საუკეთესო იყო. ზაზამ 36 წუთი ითამაშა და ბურთი არ დაუკარგავს. ქართველმა ცენტრმა 10-დან 8 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. შესაბამისად, 17 ქულა დააგროვა, რასაც 13 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. გიანის ანტეტოკოუმპომ მილუოკელებს 18 ქულა და 6 მიაშველა. ატლანტელთა ცენტრმა, ალ ჰორფორდმა შეხვედრა 18 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა, თუმცა მას თამაშიდან ფაჩულიაზე ბევრად უარესი სროლათა ბალანსი ჰქონდა – 18 ცდიდან 8 ბურთი ჩააგდო.
წაგებამ ვერ ავნო „მილუოკის“ სატურნირო მდებარეობას. 36 მოგებითა და 38 მარცხით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 1 აპრილს, შინ „ჩიკაგოსთან“ გამართავს.