ფაჩულიამ და “ატლანტამ” სეზონი დაასრულეს

ზაზა ფაჩულიასთვის სეზონი დასრულდა. თანაც ის უკვე თავისუფალი აგენტია და არც ერთ გუნდთან აღარ აკავშირებს კონტრაქტი. უფრო სწორად, თუკი 1 ივლისამდე ატლანტელებმა მას არ შესთავაზეს ახალი შელშეკრულების გაფორმება, ის ხდება ნებისმიერი გუნდისთვის ხელმისაწვდომი.
ფაჩულიასთვის ეს სეზონი უწინდელზე ხეირიანი აღმოჩნდა, მაგრამ ახლოსაც ვერ მივა 2 წლის წინანდელთან, როცა ქართველი ცენტრი სასტარტო იყო და მოედანზე საშუალოდ გატარებულ 28 წუთში 12,2 ქულას, 7 მოხსნას და 1,5 პასს ითვლიდა. ამ სეზონში ზაზა საშუალოდ 19 წუთს თამაშობდა და 6,3 ქულას, 5,7 მოხსნას და 0,7 პასს აგროვებდა. ზაზამ ამ სეზონის 77 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 26–ში სასტარტო ხუთეულში ითამაშა.
ფაჩულიამ ამ სეზონში ყველაზე ბარაქიანად „ჩიკაგოსთან“, 20 იანვარს ითამაშა, როცა 39 წუთში 18 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. თუმცა მისი საუკეთესო მატჩი პლეი ოფში შედგა. ქართველი ცენტრის ყოჩაღი გარჯის შედეგად ატლანტელებმა მაიამიში მერვედფინალური სერიის მეოთხე მატჩი მოიგეს, ანგარიში 2:2 გაათანაბრეს და მოედნის უპირატესობა დაიბრუნეს. იმ მატჩში ზაზამ 12 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა. სხვათა შორის, 18 მოხსნა ფაჩულიამ ამ სეზონში მანამდეც მოაგროვა – 19 ნოემბერს, „ვაშინგტონის“ წინააღმდეგ.
ერთი სიტყვით, ფაჩულიამ ნორმალური სეზონი ჩაატარა და სასტარტო ცენტრი რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ, გაცილებით უკეთესი სტატისტიკა ექნებოდა.
რაც შეეხება სეზონის ბოლო თამაშს, ზაზამ ის საშუალო დონეზე ჩაატარა. „ატლანტამ“ ვერაფერი დაუპირისპირა ლებრონ ჯეიმსის წინამძღოლობით საჩემპიონოდ შემართულ „კლივლენდს“ და მეოთხედფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაც წააგო – 74:84.
ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში არ ითამაშა, მაგრამ მოედანზე ძირითად ცენტრ ალ ჰორფორდზე მეტი დრო დაჰყო. ჰორფორდმა 19 წუთში ქულა ვერ მოაგროვა, ხოლო ფაჩულიამ 26 წუთი გაატარა მოედანზე და 9 ქულასთან ერთად 6 მოხსნაც მიითვალა.
უნდა ითქვას, რომ ეს მატჩი იყო ყველაზე დაძაბული ამ სერიაში. სხვებთან შედარებით, თორემ ატლანტელებს წარმატების შანსი არც ჰქონიათ. ფაჩულიას გუნდმა მხოლოდ პირველი მეოთხედის მოგება შეძლო, თუმცა მერე ამუშავდა კლივლენდელთა ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც ყველა მომდევნო მეოთხედი მოაგებინა თავისიანებს და „კლივლენდმა“ სერიაში მშრალი ანგარიშით – 4:0 იმარჯვა.
 

ზაზა ფაჩულია ფებრონ ჯეიმსს გაცდა და მორიგ ბურთს აგდებს