ზაზა ფაჩულია ისევ ტრავმირებულია. უფრო სწორად, მას მარჯვენა ფეხი აქვს გასიებული, რაც მას მოედანზე გასვლის საშუალებას არ აძლევს. ზაზამ მე-3 მატჩი მატჩი ოკლენდში გამოტოვა, სადაც „დალას მავერიკსმა“ უიმედოდ წააგო ადგილობრივ „გოლდენ სტეიტთან“.
ამ გუნდების წინა შეხვედრა, რომელიც დალასში 1 თვის წინ გაიმართა, მასპინძლებმა მოიგეს. იმ შეხვედრაში ოკლენდელებს აკლდათ მთავარი ლიდერი სტეფ კარი, ხოლო დღევანდელ შეხვედრაში პირიქით – კარი მოედანზე იყო, ხოლო დალასელებს ფაჩულიასთან ერთად დირკ ნოვიცკიც არ ჰყავდათ. მწვრთნელებმა სასტარტო ხუთეულის 2 ტანმაღალ წევრს დასვენების საშუალება მისცეს.
შეხვედრა „გოლდენ სტეიტმა“ 127:107 მოიგო და ლიგის ლიდერობა 42 მოგებითა და 4 მარცხით კიდევ უფრო გაიმყარა. სეზონის 46 სასტარტო მატჩიდან 42 მოგება ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო შედეგია. მასპინძლებს ამჯერად კლეი ტომპსონმა ულიდერა, რომელმაც 45 ქულა მოაგროვა, ხოლო 14 ქულის მომგროვებელი სტეფ კარი ჩრდიოლში დარჩა. „დალასში“ 23 ქულით საუკეთესო იყო ჩენდლერ პერსონსი, ხოლო ცენტრის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში მყოფმა სალაჰ მეჯრიმ შეხვედრა 2 ქულითა და 3 მოხსნით დაასრულა.
26 მოგებითა და 22 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 30 იანვარს შინ, „ბრუკლინ ნეთსთან“ გამართავს.