ზაზა ფაჩულიას „დალასმა“ მორიგი საშინაო ოვერტაიმი ითამაშა და ამჯერად გაიმარჯვა. ტეხასელებმა „დენვერ ნაგეტსს“ უმასპინძლეს და 122:116 სძლიეს.
ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, თუმცა პირველი მეოთხედის მხოლოდ 8 წუთი ითამაშა, შემდეგ კი მოედნიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ფაჩულიას ტრავმა არ მიუღია, უბრალოდ მწვრთნელმა გადაწყვიტა, სხვა სისტემით ეთამაშა, რადგან დენვერელები დასაწყისში გვარიანად აგებდნენ და რიკ კარლაილის გატარებულმა ცვლილებებმა შედეგი გამოიღო. ცენტრის პოზიციაზე თამაში დირკ ნოვიცკიმ ითავა, ფორვარდი გუნდში ახალი მისული დევიდ ლი გახლდათ.
დევიდ ლიმ 25 წუთი ითამაშა და 14 ქულასთან ერთად ამდენივე მოხსნა მიითვალა. დირკ ნოვიცკიმ 40 წუთში 20 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ბომბარდირი ჩენდლერ პერსონსი გახდა 27 ქულით. რაც შეეხება ზაზას, ქართველ ცენტრს მეტოქის ფარისთვის არ შეუტევია და შეხვედრა 2 ჩაჭრით და 1 მოხსნით დაასრულა.
31 მოგებითა და 29 მარცხით „დალასმა“ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი დაიბრუნა. 29 თებერვალს დალასელები „მინესოტას“ უმასპინძლებენ.