ზაზა ფაჩულია და იგორ კოკოშკოვი ერთმანეთს მილუოკიში შეხვდნენ. ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში ერთმანეთს „მილუოკი ბაქსი” და „ორლანდო” მეჯიქი შეხვდნენ, კოკოშკოვი კი 20 დღის წინ დაინიშნა ორლანდოელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტად.
ფაჩულიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის თვალწინ შესანიშნავად ითამაშა და მისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში რიგით მე-10 ორმაგი დუბლი მიითვალა. „ორლანდოსთან” მატჩში ზაზა იყო ერთადერთი მოთამაშე მილუოკელთაგან, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა.
„მილუოკიმ” ორლანდოელები 97:91 დაამარცხა.
ზაზამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 23:47 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 12 მოხსნა და 5 პასი მიითვალა და კრის მიდლტონის შემდეგ მილუოკელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მიდლტონმა გამარჯვებულებს 30 ქულით ულიდერა.
34 მოგებითა და 30 მარცხით „მილუოკი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 12 მარტს ინდიანაში, „პეიზერსთან” გამართავს.