ფაჩულიამ კოკოშკოვს მოხსნა უჩვენა

„ატლანტა ჰოუქსმა“ ამ გამთენიისას ფინიქსში „სანსთან“ 80:88 წააგო. ზაზა ფაჩულიამ საქართველოს ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვი ნახა, რომელიც ფინიქსელთა ასისტენტი მწვრთნელია, თუმცა ატლანტელთა ქართველი ცენტრი მცირე ხნით ათამაშეს და თავის გამოჩენის საშუალება არ ჰქონია.
რაკი მეტოქე ძლიერი იყო და თავიდანვე სოლიდურად დაწინაურდა, ატლანტელთა თავკაცმა სათადარიგოებს მაქსიმალურად შეუმცირა სათამაშო დრო. მაიკ ვუდსონმა ფაჩულია მხოლოდ 4,31 წუთით ათამაშა და ჩვენიანმა ერთადერთი მოხსნის მითვლა მოასწრო.
დღესვე მოიგო ცხრილში ატლანტელების გვერდში მდგომმა „ბოსტონმა“ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე გამაგრდა. ატლანტელები კი მეოთხეზე ჩამოქვეითდნენ. მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი ხვალ ოკლენდში „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ გამართავს.