ზაზა ფაჩულიამ ორმაგი დუბლის გემო გაიხსენა – თანაც ეს ლიგის ერთ–ერთი მძლავრი გუნდისა და საუკეთესო ცენტრის წინააღმდეგ მოახერხა. მისმა „ატლანტა ჰოუქსმა“ შინაურ კედლებში „ლოს ანჯელეს“ ლეიკერსი 86:76 დაამარცხა, ჯორჯიელთა ქართველმა ცენტრმა კი 11 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
ფაჩულიამ მოედანზე 23 წუთი დაჰყო და საკმაოდ დიდი დახმარება გაუწია თავისიანებს. „ატლანტას“ ძირითადი ცენტრი ალ ჰორფორდი ვერ იყო იშტაზე და მიუხედავად მოედანზე გატარებული 32 წუთისა, მხოლოდ 4 ქულისა და 5 მოხსნის მოგროვება შესძლო. ზაზამ კი ფარქვეშა ბრძოლებში თავი ისახელა – მისი9 სროლიდან 5–მა მიაღწია მიზანს, ხოლო2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო. 13 მოხსნასთან ერთად ფაჩულიამ 3 პასი და 1 დაფარებაც მიითვალა, ხოლო ბურთი სამჯერ დაკარგა.
ატლანტელებს პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვთ, ახლა კი ცდილობენ, კონფერენციაში მეოთხე ადგილი შეინარჩუნონ და პირველი რაუნდის მეტოქესთან მოედნის უპირატესობა შეიქმნან.