ზაზა ფაჩულია ოფიციალურად მილუოკელია. ქართველი ცენტრი რომ ”ბაქსს” 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, ეს 2 კვირის ამბავია, დღეს კი ფაჩულიამ ”მილუოკისთან” ხელშეკრულება გააფორმა. როგორც თავიდანვე გაცხადდა, კონტრაქტი 3-წლიანი და 16-მილიონიანია.
ფაჩულია “ბაქსის” ღირსებას ერთხელ უკვე იცავდა. ეს, ქართველი ცენტრის ამერიკული კარიერის დასაწყისში, 2004-05 წლების სეზონში იყო და მაშინ ჩვენებურმა მილუოკელთა მაისურით 74 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი კი 6.2 ქულა და 5.1 მოხსნა.
“იმ კლუბს დავუბრუნდი, საიდანაც ნბა-ში ჩემს ერთ-ერთ პირველ ნაბიჯებს ვდგამდი და დიდი გამოცდილებაც მივიღე. მომავალი ბატალიებისთვის აქედანვე ვემზადები. ტრავმით გამოწვეულმა უსიამოვნო პერიოდმა უკვე ჩაიარა და რეაბილიტაციის პერიოდიც კარგად მიდის”, – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
შეგახსენებთ, რომ ფაჩულია აპრილში აქილევსის ქუსლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სექტემბერში სლოვენიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.