ფაჩულიამ პასებში პირადი რეკორდი დაამყარა და სეზონში მერვე ორმაგი დუბლი მიითვალა

ფაჩულიამ პასებში პირადი რეკორდი დაამყარა და სეზონში მერვე ორმაგი დუბლი მიითვალა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ასპარეზობის 9-წლიან ისტორიაში ზაზა ფაჩულიამ შედეგიან გადაცემებში პირადი რეკორდი დაამყარა. დღეს, გამთენიისას,  ატლანტაში „ვაშინგტონის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ქართცელმა ცენტრმა ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა: ფაჩულიამ ორმაგი დუბლი მიმდინარე სეზონში უკვე მერვედ (მარტში მეხუთედ) შეასრულა, ხოლო 7 პასი – კარიერაში პირველად. ნბა-ში თამაშის განმავლობაში ზაზას ორჯერ  ჰქონდა 6 შედეგიანი გადაცემა გაკეთებული, დღეს კი „ვაშინგტონთან“ 102:88 მოგებულ შეხვედრაში პირადი რეკორდი გააუმჯობესა.
ცენტრალური თავდამსხმელი რომ 7 პასს გაიღებს, გამორჩეული შემთხვევაა. კლასიკური ცენტრისთვის ეს შედეგი მართლაც დიდია, თორემ პაუ გასოლს, რომელიც მათალია, ფაჩულიაზე მაღალია, მაგრამ „ლეიკერსში“ თავდამსხმელად თამაშობს, მიმდინარე სეზონში 8 პასიც გაუკეთებია და 10-იც. ნბა-ს საუკეთესო ცენტრ დუაიტ ჰოვარდის უმაღლესი შეგდეგი კი 5 შედეგიანი გადაცემაა. მიმდინარე სეზონში სხვა მოწინავე ცენტრების უმაღლესი მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: კევინ ლავი – 5, ენდრიუ ბაინამი – 4, დემარკუს ქაზენსი – 5 ლამარკუს ოლდრიჯი – 6 და მხოლოდ ალ ჯეფერსონს აქვს ფაჩულიას დარი შედეგი – 7.

ფაჩულია ვაშინგტონელთა გარემოცვაში
7 პასთან ერთად ფაჩულიამ „ვაშინგტონთან“ 10  ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. ანუ ზაზას 3 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე, რაც ცენტრალური თავდამსხმელებისთვის გამორჩეულად სართულო საქმეა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი სტატისტიკა კი მთლიანობაში ასე გამოიყურებოდა: 37,15 უთი, 10 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა და 3 დაკარგვა. ზაზა მატჩის ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელმაც მოხსნებში ორციფრიან მაჩვენებელს მიაღწია და შესაბამისად, ერთადერთი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა.
„ატლანტაში“ 34 ქულით ბომბარდირობა ტრავმისგან მომჯობინებულმა ჯო ჯონსონმა იტვირთა, რომელმაც ასევე 6 მოხსნა და 5 პასიც მიითვალა. 23 ქულა და 8 პასი ჰქონდა ჯოშ სმიტს, „ატლანტას“ ნომინალურმა გამთამაშებელმა ჯეფ თიგმა კი შეხვედრა მხოლოდ 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
ორი მარცხის შემდეგ ეს იყო ატლანტელთა პირველი გამრჯვება. ამჟამად „ჰოუქსს“ 25 მოგება და 19 მარცხი აქვს და აღმოსავლეთში კვლავ მე-6 ადგილზეა. მომდევნო ჯახი „ქორებს“ ზეგ, 19 მარტს,  „კლივლენდში“ ელით.