ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში გამარჯვება დეტროიტში მოგებით აღნიშნა

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში გამარჯვება დეტროიტში მოგებით აღნიშნა

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა, დალას მავერიკსმა კი დეტროიტში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. როგორც ტეხასურ გუნდს, ისე მიჩიგანელებსაც ჰაერივით სჭირდებოდათ გამარჯვება, რომლებიც პლეი ოფში მოსახვედრად აღმოსავლეთ კონფერენციიდან იბრძვიან, თუმცა  ჯეი-ჯეი ბარეას წინამძღოლობით დალასელებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და 98:89 იმარჯვეს.

ფაჩულიას ამ მატჩამდე 9 შეხვედრაში არ ეთამაშა სასტარტოში, დეტროიტში კი ის თავიდანვე გამოჩნდა მოედანზე და 22 წუთი ითამაშა. მასზე მეტი – 24 წუთი დაჰყო მოედანზე სათადარიგო ცენტრმა – სალაჰ მეჯრიმ, თუმცა ქართველი კალათბურთელი გაცილებით შედეგიანად გაისარჯა და გამარჯვებაშიც სოლიდური წვლილი დაიდო.
ფაჩულიამ ამ მატჩში ნასროლი ერთადერთი ორქულიანი ჩააგდო, რასაც 6-დან 4 საჯარიმო მოაყოლა და შეხვედრა 6 ქულით დაასრულა. ამას ზაზამ დალასელთაგან უმეტესი – 11 მოხსნა და 3 პასი შემატა. მეჯრიმ კი თავი 6 ქულას, 7 მოხსნას და 2 დაფარებას მოუყარა. დალასელთა ლიდერის ფუნქცია დერონ უილიამსის არყოფნაში გაპირველკაცებულმა ჯეი-ჯეი ბარეამ ითავა, რომელსაც მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ქალიშვილი შეეძინა და ეს სალაღობო ამბავი 29 ქულითა და დეტროიტში პრინციპული გამარჯვებით აღნიშნა.
ამ გამარჯვებით დალასელებმა მოგებ-წაგებები 38-ზე გაითანაბრეს, ხოლო ცხრილის მე-7 ადგილზე ასეთივე შედეგის მქონე იუტა ჯაზს გაუთანაბრდნენ. მე-9 ადგილზე მყოფი ჰიუსტონი ამ დალას-იუტას დუეტს 2 მოგებით ჩამორჩება. მომდევნო მატჩი დალასს 3 აპრილს მინეაპოლისში ტიმბერვულვზთან ელის.