ფაჩულიას 10 ქულა და “გოლდენ სტეიტის” გამარჯვება ნიუ იორკში

ფაჩულიას 10 ქულა და “გოლდენ სტეიტის” გამარჯვება ნიუ იორკში

ორმატჩიანი მარცხიანი სერიის შემდეგ „გოლდენ სტეიტმა“ ნიუ იორკის „მედისონ სკვერ გარდენში“ „ნიქსი“ დაამარცხა. ზაზა ფააჩულიას გუნდმა მასპინძლებს 112:105 სძლია და ნბა-ს ლიდერობა გაიმყარა.
ოკლენდური გუნდის ქართველმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ფაჩულია კვლავ სტაბილური იყო და თამაშიდან განხორციელებული 6 სროლიდან 5 ნიუიორკელთა კალათში მოათავსა. მთლიანობაში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და დაფარება მოაგროვა.

ოკლენდელთა სასტარტო ხუთეულში ტრავმირებული კევინ დიურანტის ადგილი აალწვეულმა მეტ ბარნსმა დაიკავა, რომელმაც 19 წუთში 3-3 ქულა-მოხსნა და 2-2 ჩაჭრა-პასი მიითვალა. საუკეთესო შედეგი კი სტეფ კარიმ დააფიქსირა, რომელმაც ამ მატჩში ჩაგდებული 5 სამქულიანის შემდეგ ნბა-ს ყველა დროის სამქულიანების საუკეთესო მსროლელთა სიაში მე-10 ადგილიდან ჩონსი ბილაფსი განდევნა. კარიმ საკვანძო მე-3 პერიოდში 15 ქულა ჩააგდო, მთლიანობაში კი შეხვედრა 31 ქულით, 8 მოხსნით და 6 პასით დაასრულა.
„გოლდენ სტეიტს“ 51 გამარჯვების წილ 11 მარცხი აქვს და მდევარ „სან ანტოიოს“ 3 მოგებით უსწრებს. აღმოსავლური ტურნეს მე-6 მატჩს ოკლენდელები 7 მარტს ატლანტაში, ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდთან გამართავენ.