ზაზა ფაჩულიამ და „გოლდენ სტეიტმა“ 2017 წელი გამარჯვებით დაიწყეს. ოკლენდურმა გუნდმა წლის პირველი მატჩი „დენვერ ნაგეტსთან“ გამართა და 127:119 დაამარცხა. გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა ცენტრმა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა.
ქართველმა ცენტრმა მატჩი ზეშედეგიანად დაიწყო და „გოლდენ სტეიტის“ საწყისი 11 ქულიდან 7 მის ანგარიშზე იყო. ზაზამ საკუთარი ანგარიში ეგრედ წოდებული AND1-ით გახსნა. მან სტეფ კარის პასი მიიღო და ბურთი სერბი მეურვის, ნიკოლა იოკიჩის ჯარიმის თანხლებით ჩააგდო, რასაც ზუსტი საჯარიმოც მოაყოლა. მორიგი ბურთი ზაზამ ჩატენა – ამჯერად დრეიმონდ გრინის პასი შეირგო. მესამედ კი ფაჩულიამ საკუთარი მასა გამოიყენა, მეურვე მოიშორა და მარჯვენა ჰუკით თამაშის მე-5 წუთისთვის მე-7 ქულა შეიმატა.ფაჩულიას შემდეგ კიდევ მოუხდა მოედანზე გამოსვლა – მეორე, მესამე და მეოთხე პერიოდებში და მისმა სათამაშო დრომ მთლიანობაში 19 წუთი შეადგინა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 8-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 11 ქულასთან ერთად ფაჩულიამ 9 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე) და 1 პასი მიითვალა. ზაზამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ქართველი ცენტრი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო მოედანზე ყოფნის პერიოდში მისი გუნდის სარგებლიანობით. რაც თამაშში იმყოფებოდა, მისმა გუნდმა მეტოქეს 17 ქულით აჯობა. ამ მხრივ ზაზას შემდეგ დრეიმონდ გრინი მოდის (+11),რომელმაც სამმაგი დუბლი (15 ქულა, 13 პასი, 10 მოხსნა) მიითვალა, ხოლო უარესი შედეგი (-4) კევინ დიურანტს ჰქონდა.მატჩის ბომბარდირი კლეი ტომპსონი გახდა 25 ქულით, 22 ქულა მოაგრ
ოვა სტეფ კარიმ, ხოლო კევინ დიურანტმა თავი 21 ქულას მოუყარა. რაც შეეხებათ დენვერელებს, მათ ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა, თუმცა უფრო შედეგიანი მაშინ იყო, როცა მოედანზე ზაზა ფაჩულია არ იმყოფებოდა.
30 მოგებითა და 5 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციასა და სრულიად ლიგას ლიდერობს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს ისევ ოკლენდში – 5 იანვარს, „პორტლენდ თრეილ ბლეიზერსთან“ ელის.