ფაჩულიას 16 ქულა, 12 მოხსნა და გამარჯვება ლოს ანჯელესში

ფაჩულიას 16 ქულა, 12 მოხსნა და გამარჯვება ლოს ანჯელესში

ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში. დღეს, გამთენიისას მისმა „დალას მავერიკსმა“ ლოს ანჯელესში „ლეიკერსი“ 103:93 დასცა და ამ საქმეში ქართველის წვლილი დირკ ნოვიცკისთან ერთად უდიდესია.
ფაჩულია დალასელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 29 წუთში 16 ქულა, 12 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ზაზა იყო ერთადერთი მოთამაშე „მავერიკსში“, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა.
ამ შედეგამდე ერთი მოხსნა დააკლდა სუპერვარსკვლავ დირკ ნოვიცკის, რომელმაც 25 ქულით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. გერმანელმა ფორვარდმა 8-დან 7 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 2-დნ 2 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულია ნოვიცკის შემდეგ დალასელთაგან შედეგიანობით მეორე იყო. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 10-დნ 8 საჯარიმო ჩააგდო.
ფაჩულიამ დაჩრდილა ნბა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი როი ჰიბერტი, რომელიც ლოსანჯელესელებმა პაუ გასოლის შემცვლელად გუნდში „ინდიანიდან“ მიიყვანეს. როი „ლეიკერსის“ სასტარტო ხუთეულში იყო და 26 წუთში 4 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. მეორე კალათბურთელი, რომელმაც ამ შეხვედრაში ორმაგი დუბლი მიითვალა, ლეიკერსელი ჯულიუს რენდალი გახლდათ. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ჯულიუსი გასული, 2014 წლის დრფტის მე-7 ნომერია, რომელმაც შარშან, ნბა-ს სადებიუტო მატჩში ხელი მოიტეხა და მთელი სეზონი გუცდა. ახლა ის მოყოჩაღებულია და „ლეიკერის“ სასარგებლოდ ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი მიითვლა – 22 ქულა, 14 მოხსნა.
2 მოგებითა და 1 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 4 ნოემბერს შინ, აღმოსავლეთის დაუმარცხებელ გუნდ „ტორონტოსთან“ გამართავს.