ფაჩულიას 17 ქულა, 10 მოხსნა და სეზონის 24-ე ორმაგი დუბლი

ფაჩულიას 17 ქულა, 10 მოხსნა და სეზონის 24-ე ორმაგი დუბლი

ზაზა ფაჩულიას სეზონის 24-ე ორმაგი დუბლი. „დალას მავერიკსის“ ქართველმა ცენტრმა „ორლანდო მეჯიქთან“ მატჩში 17 ქულა და 10 მოხნა მოაგროვა, რითაც ტეხასური გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო.
„დალასი“ აგრძელებს წარმატებული მატჩების სერიას. ტეხასელებმა „ორლანდოს“ 121:108 ძლევით ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს. ფაჩულიას პაექრობა მოუწია ორლანდოელთა მონტენეგროელ ცენტრ ნიკოლა ვუჩევიჩთან, რომელსაც ფრთები გვარიანად შეუკვეცა. ვუჩევიჩი ბოლო მატჩებში 20 ქულაზე ნაკლებს არ იხვეჭდა და ფარქვეშ საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. „დალასთან“ ვუჩევიჩი 18 ქულას და 7 მოხსნას დასჯერდა, რითაც ორლნდოელებს წარმატების შანსი მინიმუმამდე შეუმცირდათ.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 31 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 17 ქულასა და 10 მოხსნასთან ერთად ზაზამ 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ფაჩულიას მსგავსად 17-17 ქულა მოაგროვეს ჩანდლერ პერსონსმა და ჯეიჯეი ბარეამ. 21 ქულით ბომბარდირი ვესლი მეთიუზი გახდა, დირკ ნოვიცნის ანგარიშზე კი 19 ქულა დაგროვდა.
„დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში კვლავ პორტლენდთან იყოფს 6-7 ადგილებს. ორივე გუნდს 33 მოგება და 28 მარცხი აქვს. მომდევნო მატჩი 4 მარტს დალასში, „საკრამენტოსთან“ გამართავს.