ფაჩულიას 2 ქულა და 8 მოხსნა “კლიპერსთან” წაგებულ მატჩში

ფაჩულიას 2 ქულა და 8 მოხსნა “კლიპერსთან” წაგებულ მატჩში

„დალას მავერიკსმა“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. ზაზა ფაჩულია სათამაშო დროში ისევ შეზღუდული იყო და „კლიპერსთან“ დალასში გამართულ შეხვედრაში მოედანზე 15 წუთი გაატარა. ტეხასელებმა პირველი ტაიმი 2 ქულით მოიგეს, თუმცა მესამე პერიოდი ჩააგდეს, რომელიც 16:33 დათმეს და საბოლოოდ 19 ქულით – 90:109 დამარცხდნენ.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მწვრთნელმა ის მხოლოდ 15 წუთი ათამაშა. ქართველმა ცენტრმა ფარზე კარგად იმუშავა და 8 მოხსნა მიითვალა. ზაზამ 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა, 2 ქულასა და 8 მოხსნასთან ერთად ფაჩულიას 1 პასი ჰქონდა.  სათადარიგო დევიდ ლიმ 16 წუთი ითამაშა და 13 ქულასთან ერთად 8 მოხსნა მიითვალა. საუკეთესო 22 ქულით დირკ ნოვიცკი გახლდათ.

„კლიპერსში“ 23 ქულითა და 20 მოხსნით საუკეთესო შედეგი აჩვენა დეანდრე ჯორდანმა, რომელმაც პირველ მეოთხედში საჯარიმო ისე ააცილა, ბურთი ფარს ვერ გაარტყა და ამის გამო მაყურებლებისგან დამცინავი რეპლიკები მიიღო. ჯორდანი დალასელებს განსაკუთრებით ეჯავრებათ იმის გამო, რომ ამ კალათბურთელმა „მავერიკსთან“ წინასწარი შეთანხმება დაარღვია და ტეხასში გადაბარგების ნაცვლად „კლიპერსში“ დარჩა. მეორე ტაიმში დეანდრე ჯორდანმა დიდებულად ითამაშა და კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამოაცხო. მინიმუმ 20 ქულა და 20 მოხსნა ჯორდანმა სეზონში პირველად, ხოლო კარიერაში მე-5-ედ მიითვალა.
33 მოგება და 31 წაგებით „დალასი“ ანალოგიური შედეგის მქონე „პორტლენდთან“ ერთად დასავლეთ კონფერენციაში 6-7 ადგილზებს იყოფს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს კვლავ შინაურ არენაზე, 10 მარტს ელის.