ანდრე დრამონდის ტრავმის შემდეგ ზაზა ფაჩულია “დეტროიტის” სასტარტო ცენტრად იქცა. შინ, “საკრამენტოსთან” გამართულ და ბოლო წამებზე 101:103 წაგებულ მატჩში ქართველმა ცენტრმა 35 წუთი ითამაშა და 7 ქულასთან ერთად 12 მოხსნა მიითვალა.
ფაჩულიამ 7-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 7 ქულასა და 12 მოხსნასთან ერთად 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც მიითვალა. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მთელი მატჩის განმავლობაში “დეტროიტი” ანგარიშით სულ წინ იყო, მაქსიმალური სხვაობა +14 ქულაც იყო, მაგრამ ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. მატჩის დასრულებამდე სამი წამით ადრე ფაჩულიას გუნდი 101:100-ს იგებდა, ბურთი “საკრამენტოს” უკანახაზელმა ბადი ჰილდმა მიიღო, რომელმაც მატჩის საფინალო სირენასთან ერთად გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდო.
ყველაზე მეტი 38 ქულა ბლეიკ გრიფინმა ჩააგდო, “საკრამენტოში” 35 ქულით საუკეთესო ჰილდი გახლდათ.
“დეტროიტი” 20 მოგებით და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრაში მიჩიგანელები გასვლაზე “ვაშინგტონს” დაუპირისპირდება, მატჩი 21 იანვარს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.