2 დღის წინ შინ „ჰიუსტონთან“ დამარცხებულმა „გოლდენ სტეიტმა“ დღეს შური „ფინიქს სანსზე“ იძია. არიზონელები კალიფორნიის ქალაქ ოკლენდს ეწვივნენ, სადაც ზაზა ფაჩულიას გუნდმა მათ 29-ქულიანი მარცხი აგემა. „გოლდენ სტეიტმა“ „მზეებს“ შანსი არ დაუტოვა და 138:109 სძლია.
ზაზა ფაჩულია, რომელმაც „ჰიუსტონთან“ მხოლოდ 8 წუთი ითამაშა, ამჯერად მოედანზე 15 წუთით გავიდა და საკმაოდ შედეგიანადაც გაისარჯა. ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო და მისთვის მიცემული სათამაშო დრო საკმაოდ პროდუქტიულად გამოიყენა.
ფაჩულიამ 5-დამ 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ზაზას საბოლოო მონაგარი გახლდათ 7 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 პასი. ქართველი ცენტრი ჩაჭრებში მხოლოდ ფინიქსელ ერიკ ბლედსოს ჩამორჩა, რომელმაც 5 ჩაჭრა მიითვალა.
პირველი ნახევარი ოკლენდელებმა მხოლოდ 9 ქულით მოიგეს, თუმცა მე-3 პერიოდში მეტოქეს შავი დღე აყარეს და გასანადგურებლად გაწირეს. ეს უპირველესად სტეფ კარის დამსახურებაა, რომელმაც მისი საამმატჩო 31 ქულიდან 20 სწორედ მესამე პერიოდში მიითვალა და 12-წუთეული მასპინძლებს 42:27 მოაგებინა. ბოლო მეოთხედს აზრი დაეკარგა, თუმცა ოკლენდელმა სათადარიგოებმა ლიდერობას 5 ქულაც წაამატეს და „გოლდენ სტეიტმა“ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
17 მოგებითა და 3 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციასა და სრულიად ლიგას ლიდერობს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს ისევ ოკლენდში, 6 დეკემბერს, „ინდიანასთან“ ელის.