ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ საკმაოდ რთული მეტოქე სტუმრად დაამარცხა. ოკლენდელები ტორონტოში ჩავიდნენ და ადგილობრივ “რეპტორსს” მიმდინარე სეზონში მესამე მარცხი შეამთხვიეს. იმ დროის გათვალისწინებით, რაც ქართველმა ფორვარდმა მოედანზე გაატარა, საკმაო შედეგიანობა გამოავლინა და გამარჯვებაშიც სოლიდური წილი დაიდო.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 16 წუთი გაატარა. ზაზა პირველივე წამებიდან აქტიური იყო. ქართველმა ცენტრმა სადაო დგება იონას ვალანჩუნასს მოუგო და თამაშის პირველი ბურთიც მან ესროლა, თუმცა ვერ ჩააგდო. ზაზას მალევე მიეცა ქულების მოგროვების შანსი და მან ორივე საჯარიმო გამოიყენა. ფაჩულიამ მალევე კიდევ 2 ქულა მიითვალა და მოედნიდან 4 ქულით გავიდა.
ფაჩულია მეორე პერიოდში დაბრუნდა მოედანზე და 4 წუთში საკუთარ აქტივს კიდევ 4 ქულა შემატა. ქართველი ფორვარდი მესამე პერიოდშიც გამოჩნდა მოედანზე და მის დასრულებამდე 6:26 წუთით ადრე, როცა „გოლდენ სტეიტი“ უკვე 80:64 იგებდა, საბოლოოდ გავიდა მოედნიდან. ზაზამ მთლიანობაში 16 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. საქართველოს ნაკრების აპიტანმა 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ტორონტოელთა ლიტველმა ცენტრმა, იონას ვალანჩუნასმა მოედანზე 18 წუთი გაატარა და 12 ქულასთან ერთად 8 მოხსნა მიითვალა.
გოლდენსტეიტელთა დამრტყმელი ძალა ტრადიციული იყო: სტეფ კარიმ 35, ხოლო კევინ დიურანტმა 30 ქულა მიითვალა. გამარჯვებულებს 15 ქულა შემატა კლეი ტომპსონმა, ხოლო ოკლენდელთა ხუთეულის მეხუთე წევრმა, დრეიმონდ გრინმა 11 ქულა, 7 მოსნა და 5 პასი გაიფორმა.
9 მოგებითა და 2 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციაში „კლიპერსის“ უკან მეორე ადგილზეა. ოკლენდელები მომდევნო მატჩს 19 ნოემბერს, ბოსტონში აღმოსავლეთის კიდევ ერთ მძლავრ გუნდ „სელტიქსთან“ გამართავენ.