ზაზა ფაჩულიას „ატლანტა“ ნბა–ს ლიდერებში უკვე მყარად მკვიდრდება. „ქორებმა“ მორიგი გამარჯვება „პორტლენდთან“ საშინაო მატჩში მოიპოვეს (99:95), თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამის მისაღწევად დამატებითი დრო დასჭირდათ.
შეხვედრის დასაწყისიდან მოყოლებული, უპირატესობა ხელთ “ტრეილ ბლეიზერსმა” იგდო და დასკვნით მეოთხედს 9-ქულიანი უპირატესობით შეხვდა.
იმას, რომ ნეით მაკმილანის მიერ გაწვრთნილი პორტლენდელები ჯორჯიიდან დამარცხებულები აიბარგებოდნენ, არც ბოლო პერიოდის საწყისი წუთები მოასწავებდა. მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე, ჯუონ ჰოვარდმა მორიგი ორქულიანი ჩააგდო და ზედაც ჯამაალ კროუფორდს ჯარიმა “აჰკიდა”, რისი წყალობითაც სტუმრები 10 ქულით დაწინაურდნენ.
რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი მაიკ ვუდსონის შეგირდები სწორედ ამ მომენტში გამოფხიზლდნენ და ჯოშ სმიტისა და მაიკ ბიბის “დახმარებით მცირე მონაკვეთი 10:0 მოიგეს. აღნიშნულის შემდეგ, მატჩი ქულა ქულაში წარიმართა და კვანძი ვერც დასკვნით წამებზე გაიხსნა.
საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე ბრენდონ როიმ “ბლეიზერსი” 82:81 დააწინაურა, თუმცა ჯონსონმა ზედიზედ ოთხი ქულა მიითვალა და სტუმრები ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო.
პორტლენდელები ესპანელმა რუდი ფერნანდესმა იხსნა, რომელმაც ალ ჰორფორდის წინააღმდეგობა არად ჩააგდო და მატჩის დასრულებამდე 4 წამით ადრე, ზუსტი სამქულიანის წყალობით, საყაიმო ანგარიში 85:85 დააფიქსირა.
დამატებით დროში უკვე ლიდერებმა შანსი აღარ დაუტოვეს პორტლენდელებს და მორიგი გამარჯვება იზეიმეს.
ფაჩულიამ მოედანზე წინა მატჩებთან შედარებით კარგა ხანი დაჰყო: 20 წუთში 7 ქულა, 9 მოხსნა და თითო ჩაჭრა–პასი მიითვალა. ზაზამ 5–დან 2 ორქულიანი და 4–დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
ჯორჯიელებს “ფილიპს არენაზე” ხუთივე შეხვედრა მოგებული აქვთ, სულ კი 11 მატჩში 9 გამარჯვება მოუგროვდათ და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს ინარჩუნებენ.