ფაჩულიას “ატლანტამ” ლებრონ ჯეიმსის “კლივლენდი” შეაჩერა

აღმავლობის გზაზე მდგარმა ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” არც
  ლებრონ ჯეიმსის “კლივლენდ კავალიერსი” დაინდო და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ სათამაშო დღეს 97:92 დაამარცხა, რითაც მეტოქეს ლიგაში ზედიზედ მე-12 გამარჯვება არ დაანება.
ატლანტას “ფილიპს არენაზე” გამართული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წატიმართა. 19 200 ქომაგის მიერ შეგულიანებულმა მასპინძლებმა ტაიმი 9 ქულით მოიგეს და თითქოს სასურველი სხვაობაც დაიბევეს, თუმცა, მე-3 მეოთხედში “კლივლენდმა” 28:21 იმარჯვა და ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა.
 

 
 
ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა, როდესაც “ჰოუქსის” წინამძღოლობა მაიკ ბიბიმ ითავა. გამოცდილმა უკანახაზელმა 24 ქულას, 6 მოხსნა და 5 პასი წაუმატა, მატჩის შემდეგ კი თვითკმაყოფილი ამბობდა, რა გაგიკვირდათ, მოედანზე კალათბურთის სათამაშოდ გავედი და არა ლებრონის ასპარეზობის საყურებლადო.
თავად ლებრონმა თითქმის შეუცვლელად – 46 წუთს ითამაშა და 33 ქულა, 6 მოხსნა და 9 პასი დააგროვა, მაგრამ გუნდის წარმატებულის სვლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო ხუთეულში არც “კლივლენდთან” უთამაშია, ჩვეულად სარგებლიანი გახლდათ ფაჩულიაც.
ზაზამ 22 წუთს ითამაშა და ოთხივე საჯარიმოს ჩაგდება შეძლო, რასაც 4-დან 2 ორქულიანი მიაყოლა. 8 ქულის გარდა, ქართველი ცენტრის მონაგარი 6 მოხსნაც (3 მეტოქის ფარზე) გახლდათ.
ფაჩულიას ბურთი არცერთხელ არ დაუკარგავს, მსაჯებს კი 5 პერსონალური ფოლი დასტყუა.
ქართველის ამერიკელმა კონკურენტმა ალ ჰორფორდმა 34 წუთში 12 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, მარვინ უილიამსი 19 ქულას გამორჩა, ხოლო ჯო ჯონსონის მონაგარი 17 ქულა და 8 პასი გახლდათ.
“ატლანტა ჰოუსის” მაჩვენებელი 14 მოგება და 9 მარცხია, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ კონეფერენციაში მე-2, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 შედეგია.
ფაჩულიას კლუბი მომდევნო მატჩს სამშაბათ დილით ერთ-ერთი აუტსაიდერ “შარლოტ ბობქეთსთან” (7 მოგება, 17 მარცხი) გამართავს. მატჩი ატლანტაში შედგება, სადაც “ჰოუქსს” 9-დან 8 მოგება გააჩნია.