ატლანტელთა მწვრთნელმა ტაქტიკა შეცვალა და ქართველი ცენტრი, რომელიც წინა მატჩში სასტარტო ხუთეულში 33 წუთით ათამაშა, „მაიამისთან“ მხოლოდ 14 წუთით დატვირთა. ლარი დრიუმ უარი თქვა 2 ტანმაღალი კალათბურთელით თამაშზე და ქართველი ცენტრი სათადარიგოდ გაამწესა, ძირითადად კი ალ ჰორფორდს დაეყრდნო. შედეგად „ატლანტამ“ შინ მოქმედ ჩემპიონ „მაიამისთან“ 89:95 წააგო.
ფაჩულიამ მცირე სათამაშო დროში 4 მოხსნა, 2 ქულა და 1 პასი მოინაგრა. ზაზამ 2 ორქულიანიდან 1 ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. რაც შეეხება ჰორფორდს, „ატლანტას“ ძირითადმა ცენტრმა 10 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.
მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გაირკვა, რომლის დაწყებამდეც „მაიამი“ მხოლოდ 1 ქულით ლიდერობდა. გადამწყვეტ პერიოდში მოქმედმა ჩემპიონმა უფრო მობილიზებულად ითამაშა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.
მომდევნო მატჩს „ატლანტა“ ლოს ანჯელესში, „კლიპერსთან“, 11 ნოემბერს გამართავს.