ფაჩულიას “დალასმა” “იუტასთან” ბოლო წამზე წააგო

ფაჩულიას “დალასმა” “იუტასთან” ბოლო წამზე წააგო

საკუთარი დაბადების დღის წინა საღამოს ზაზა ფაჩულიამ დასანანი მარცხი განიცადა. „დალას მავერიკსმა“ „იუტა ჯაზს“ უმასპინძლა და ამ გუნდის წარმატებული სვლა, რომელიც ამ შეხვედრამდე 6 მოგებას შეადგენდა, ვერ შეწყვიტა.
იუტელებმა ორჯერ ჩააგდეს საფინალო სირენის თანხლებით ბურთი: ჯერ ძირითადი დროის დასრულებასთან ერთად როდნი ჰუდმს მიითვალა გამთანაბრებელი სამქულიანი, ხოლო შემდეგ, ოვერტაიმის საფინალო სირენის თანხლებით ჩააგდო გორდონ ჰეივარდმა გამარჯვების ორიანი – 121:119.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 41 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 7 ქულასთან ერთად ზაზამ 11 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ქართველმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ერთხელ დაჯარიმდა. მისმა იუტელმა ოპონენტმა, ფრანგმა რუდი გობერმა შეხვედრა 14 ქულით და 10 მოხსნით დაასრულა. დალასელთაგან 24 ქულა ჩენდლერ პერსონსმა დააგროვა, ხოლო დერონ უილიამსის ანგარიშზე 23 დაგროვდა.
 29 მოგებითა და 26 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მის შემდეგ „იუტა“ მოდის 26 მოგებითა და 25 მარცხით. „დალასს“ 10-დღიანი დასვენება ელის, რაც ნბა-ს ყველა ვარსკვლავის უიკენდითაა გამოწვეული. 20 თებერვალს ფაჩულიას გუნდი ფლორიდაში ჩავა და „ორლანდოს“ შეხვდება.