„დალას მავერიკსმა“ მორიგი მატჩი მოიგო. ზაზა ფაჩულიას გუნდმა „ნიუ ორლეან პელიკანსს“ უმასპინძლა და 107:98 სძლია. ქართველ ცენტრს სეზონის რიგით მე-4 ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა.
ფაჩულიამ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 28 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 9 ქულასთან ერთად ზაზამ 14 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი არ დაუკარგავს. ფაჩულია გახლდათ ფარის ბატონ-პატრონი, რადგან დალასელთაგან 7 მოხსნაზე მეტი არავის ჰქონია, ოპონენტთაგან კი საუკეთესო მომხსნელი 9 ერთეულით სათადარიგო ფორვარდი რაიან ანდერსონი გახლდათ.
ნიუორლეანელთა ნომინალური და ძირითადი ცენტრი ფრანგი ალექსის აჯინსა გახლდათ, რომელმაც 8 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. სტუმართა ლიდერმა, თავდამსხმელ-ცენტრმა ენტონი დევისმა კი თავი 25 ქულას მოუყარა. მისმა დალასელმა ოპონენტმა დირკ ნოვიცკიმ კი შეხვედრა 18 ქულით და 7 მოხსნით დაასრულა.
დალასელთაგან საუკეთესოდ დუაიტ პოუელი დასახელდა, რომელიც სათადარიგო თავდამსხმელია და „ნიუ ორლეანთან“ მატჩში 26 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. პოუელმა 9-დან 7 ორქულიანი ჩააგდო და ამ სიზუსტის გამო საუკეთესო შედეგიანობა დაუფიქსირდა. ისე კი, გამარჯვებულთა გუნდში ბომბარდირი 19 ქულით დერონ უილიამსი გახდა.
3-3 მოგებ-წაგების მქონე „დალასი“ კიდევ 3 გუნდთან ერთად დასავლეთ კონფერენციის 7-10 ადგილებს იყოფს. ფაჩულიას გუნდის მორიგი მეტოქე 11 ნოემბერს ისევ „ნიუ ორლეანი“ იქნება.