ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” “ჰიუსტონთან” 2 ოვერტაიმში დამარცხდა

ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” “ჰიუსტონთან” 2 ოვერტაიმში დამარცხდა

„გოლდენ სტეიტის“ 12-მატჩიანი წაუგებელი სერია დასანანად, ოკლენდში დასრულდა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა, რომელიც მატჩისთვის განკუთვნილი დროის უმეტესობა „ჰიუსტონთან“ აგებდა, შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა, თუმცა პირველი ექსტრაპერიოდიც ფრედ დასრულდა და მეორე ოვერტაიმში ჰიუსტონელებმა იმარჯვეს – 127:132.
ფაჩულიას ამ მატჩში მხოლოდ 8 წუთს მოუწია თამაში. ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მწვრთნელმა საწყისი 3 წუთის შემდეგ ის მოედნიდან გაიხმო და მოგვიანებით, კიდევ 5 წუთით ათამაშა. 8 წუთში ზაზამ 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა. მოპოვებულ 2 ქულას ფაჩულიამ 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიამატა, ბურთიც ერთჯერ დაკარგა.
გოლდენსტეიტელებს ვერ უშველა კევინ დურანტის 39 ქულამ და 13 მოხსნამ. დამატებით დროში დაიან ანდერსონის, ერიკ გორდონისა და ჯეიმს ჰარდენის წინამძღოლობით ჰიუსტონელებმა საამაყო გამარჯვება მოიპოვეს.
წაგების მიუხედავად „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციის ლიდერად დარჩა: 16 მოგება და 3 წაგება. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 4 დეკემბერს, ისევ შინ, „ფინიქს სანსთან“ ელის.