ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” ლიდერობა იუტაში გამარჯვებით გაიმყარა

ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” ლიდერობა იუტაში გამარჯვებით გაიმყარა

„გოლდენ სტეიტის“ მორიგი და იოლი გამარჯვება თანაკონფერენციელ „იუტასთან“. ზაზა ფაჩულიას გუნდმა, რომელიც სრულიად ლიგას ლიდერობს, სოლტ ლეიკ სიტიში „ჯაზს“ შეხვდა და 106:99 სძლია. ანგარიშში სხვაობა 7 ქულაა, მაგრამ ოკლენდელებს საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ – კალიფორნიელებმა პირველი პერიოდი 35:17 რომ მოიგეს, მას მერე უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ.

უკვე მეორე მატჩია, ქართველი ფორვარდი 22 წუთს თამაშობს, რაც მის საშუალო მონაგარზე მეტია და ეს მისასალმებელია. ფაჩულიამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. მთლიანობაში ზაზამ 2 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა, 4 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.
„გოლდენ სტეიტის“ სნაიპერ-ბომბარდირებმა შედარებით მოკრძალებული სტატისტიკა აჩვენეს, მაგრამ მოგებისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა. სტეფ კარიმ 26 ქულა მოაგროვა, კევინ დიურანტმა – 21, ხოლო კლეი ტომპსონის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.
19 მოგება 4 მარცხის წილ და „გოლდენ სტეიტი“ ისევ ლიგის ერთპიროვნული ლიდერია. ფაჩულიას გუნდი მორიგ მატჩს 11 დეკემბერს, მემფისში „გრიზლისთან“ გამართავს.