ატლანტელი „ქორები“ მაღლა–მაღლა ფრენას განაგრძობენ – ზაზა ფაჩულიას გუნდმა ამ გამთენიისას მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რომელიც მიჯრით მეექვსე აღმოჩნდა და ჯორჯიელებმაც აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერობა გაიმყარეს.
„ქორების“ მორიგი მსხვერპლი „მაიამი ჰითი“ გამოდგა, რომელიც ჯო ჯონსონისა და ჯოშ სმიტის დახმარებით ატლანტელებმა 105:90 დაამარცხეს. ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სათადარიგოთა სკამიდან ჩაება თამაშში და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 3 ორქულიანი ცდიდან 2 გამოიყენა, ხოლო 4 საჯარიმოდან მიზანში 2 გაარტყა. ზაზამ კარგად ითამაშა დაცვაში და მის ოპონენტებს არაფერი დაუთმო. მის ანგარიშზე დაგროვდა ასევე 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება.
ატლანტელებს 10 გამარჯვება და 2 მარცხი აქვთ, იგივე შედეგი აქვს „ფინიქს სანსსაც“ და ეს 2 გუნდი ამ მაჩვენებლით სრულიად ლიგას ლიდერობს. მორიგ შეხვედრას „ატლანტა ჰოუქსი“ ხვალ „ჰიუსტონთან“ შინ ჩაატარებს.
ფაჩულია მაიამელი შავლიკ რენდოლფის დაფარებას ცდილობს
ზაზა დუეინ ვეიდის წინააღმდეგ