ფაჩულიას გუნდმა პორტლენდში იმარჯვა

ფაჩულიას გუნდმა პორტლენდში იმარჯვა

ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“ ლოს ანჯელესში „კლიპერსთან“ წაგების შემდეგ დღეს, გამთენიისას პორტლენდში ითამაშა და „ბლეიზერსი” 95:87 დაამარცხა. ფაჩულიას გუნდმა გამარჯვება კბილებით შეინარჩუნა. პირველი მეოთხედის 28:22 მოგების შემდეგ ფაჩულიას გუნდი ბოლო მეოთხედამდე სტაბილურად ლიდერობდა, თუმცა მასპინძლებმა ჯეი ჯეი ჰიკსონის ბრწყინვალე თამაშის წყალობით საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე დაწინაურება მოახერხეს. ატლანტელებმა სწორედ აქ გამოავლინეს მებრძოლი ხასიათი და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს.
 
წინა მატჩში ფაჩულია ხუთეულში იყო, თუმცა ამჯერად თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. ზაზამ სათადარიგოთაგან ყველაზე მეტი – 23 წუთი ითამაშა. ქართველი ფორვარდი უფრო დაცვით გამოირჩეოდა, შეტევაში კი სროლა არ წაუვიდა. 6 ორქულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო და 2 ქულას დასჯერდა. ქართველმა ცენტრმა 9 მოხსნა მიითვალა და მეტოქეებს 2–ჯერ დააფარა, 1 პერსონალური მიიღო და მასზე ორჯერ დაჯარიმდნენ.
 
ატლანტელები დასავლურ ტურნეს აგრძელებენ და მათი მორიგი გაჩერება ოკლენდია, სადაც 14 ნოემბერს 3-3 მოგებ-წაგების მქონე ფაჩულიას გუნდი „გოლდენ სტეიტ უორიორზს“ დაუპირისპირდება.