“მილუოკი ბაქსმა”, რომლის ღირსებასაც ზაზა ფაჩულია იცავს, ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ მე-9 მატჩი წააგო. “ირმები” დეტროიტში “პისტონსს” დაუპირისპირდნენ და შეხვედრა 19 ქულის სხვაობით – 94:113 დათმეს.
ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში ითამაშა ქართველმა ცენტრმა, რომელმაც მოედანზე მთლიანობაში 17:25 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 8 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
მილუოკელთ შორის 15 ქულით საუკეთესო ჯონ ჰენსონი იყო, 14-14 ქულა კი კრის მიდლტონის და გარი ნილის ანგარიშზე დაგროვდა. რაც შეეხებათ დეტროიტელებს, 7 მოთამაშე 10-ქულიან ზღვარს გადასცდა, რომელთა შორისაც ყველაზე მეტი, 17 ქულა, როდნი სტაკმა დააგროვა.
“მილუოკის” 2 მოგება და 11 მარცხი აქვს, რაც აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილის ტოლფასია. ფაჩულაის გუნდი მომდევნო მატჩს 27 ნოემბერს შინაურ არენაზე “ვაშინგტონთან” გამართავს.