ზაზა ფაჩულიას გუნდმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლიდერ “ინდიანას” უმასპინძლა და ბრძოლაში – 100:110 დამარცხდა. “მილუოკის” ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითააშა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
ფაჩულიამ მოედანზე ზუსტად 27 წუთი გაატარა, მას ძირითადად ინდიანელთა ცენტრ როი ჰიბერტისთან უძევდა პაექრობა. ჰიბერტმა შეხვედრა 4 ქულით და 6 მოხსნით დაასრულა, თუმც აღსანიშნავია, რომ ინდიანელთა თავდამსხმელმა დევიდ ვესტმა გაილაღა, რომელმაც მილუოკელებს 30 ქულა ჩაუგდო.
ფაჩულიამ ქულების უმეტესობა საჯარიმოს ხაზიდან დააგროვა. ზაზამ 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 10 საჯარიმოდან კი კალათში 8 მოათავსა და მთლიანობაში 10 ქულა მოიპოვა. ამასთან ერთად, ქართველმა ცენტრმა 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
“მილუოკის” 10 მოგების წილ 44 წაგება აქვს და ამ გუნდის საპლეიოფო ამბიციები დასრულებულია. მომდევნო მატჩი მილუოკელებს 24 თებერვალს, ფილადელფიაში, ადგილობრივ “სიქსერსთან” ელის.