ზაზა ფაჩულიამ ბოლო მატჩი ხუთეულში ითამაშა და საკმაოდ დამაჯერებლადაც – 9 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. გაჩნდა იმედი, რომ ატლანტელთა მწვრთნელი ლარი დრიუ ქართველ ცენტრს ძირითადში გაამწესებდა, მაგრამ… მომდევნო შეხვედრაში „ატლანტა“ „მილუოკის“ შეხვდა, ხუთეულში კი ცენტრის პოზიციაზე ისევ უხეირო ჯეისონ კოლინსი გახლდათ, რომელმაც მოედანზე 14 წუთი გაატარა და თამაში 2 ქულით და 1 მოხსნით დაასრულა.
ფაჩულია სათადარიგო იყო და ატლანტელთაგან ყველაზე ცოტა, 10,26 წუთი ითამაშა. ზაზამ თამაშიდან ნასროლი ოთხივე სროლა ააცილა, 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო და საბოლოოდ მისი ქულობრივი მონაგარიც ეს იყო. სამაგიეროდ, ფაჩულია საკმაოდ შედეგიანი იყო ფარქვეშ ბრძოლაში. მან 8 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, იგი მილუოკელთა სრული უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათოვე გამარჯვებით – 98:90 დასრულდა. ფაჩულიას გუნდს 29 მოგების წილ 17 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე–6, ხოლო საკუთარ დივიზიონში მე–3 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს „ატლანტა“ შაბათ გამთენიისას, შინ „ნიუ იორკთან“ გამართავს.