ზაზა ფაჩულიას “მილუოკიმ” ბოლო 2 დღეში 2 მატჩი ჩაატარა. “ხარირმები” თავდაპირველად “კლივლენდ კავალერზს” დაუპირისპირდნენ და 119:116 იმარჯვეს, შემდეგ კი “ვაშინგტონს” შეხვდნენდა 91:114 წააგეს.
საქართველოს ნაკრების ცენტრი ორივე შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში იყო. კლივლენდელებთან მატჩში ფაჩულიამ მოედანზე 29:59 წუთი გაატარა და მასპინძლებს 16 ქულა, 8 მოხსნა (5 შეტევაში), 4 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 13-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაში “ბაქსმა” მასპინძლებს პირველ ტაიმში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ 3 ქულით დამარცხდა, საბოლოოდ, კი “უიზარდსმა” მაინც დამაჯერებლად იმარჯვა.
ფაჩულიამ მოედანზე 24:21 წუთი გაატარა და აქტივში 9 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში) და 5 პასი ჰქონდა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, 4 შეცდომა დაუშვა და ერთხელ დაჯარიმდა.
15 მოგების წილ “მილუოკის” 65 მარცხი მოუგროვდა, რაც კლუბის ისტორიაში უარესი მაჩვენებელია. ფაჩულიას გუნდს სეზონის ბოლომდე 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 15 აპრილს “ტორონტო რეპტორზთან”, ხოლო 17-ში – ზაზას ყოფილ კლუბ “ატლანტა ჰოუქსთან”.