ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა

ზაზა ფაჩულიამ 3 ნოემბრის (პორტლენდთან 12 ქულა) შემდეგ კვლავ მიაღწია ათქულიან ზღვარს. ეს მან ამ გამთენიისას, ატლანტაში, „ტორონტო რეპტორზის“ წინააღმდეგ მატჩში მოახერხა. შეხვედრა „ჰოუქსის“ შთამბეჭდავი გამარჯვებით – 146:115 დამთავრდა. ატლანტელებს ამაზე მეტი ქულა 16 წელია, არ მოუგროვებიათ. ჯორჯიელებისთვის სარეკორდოდ კვლავ რჩება1993 წელს „ფილადელფიის“ 149:123 დამარცხება.
ატლანტელებმა პირველი მეოთხედი 7 ქულით მოიგეს, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ უკვე 19–ით ლიდერობდნენ და უკვე ცხადი იყო, რომ კანადელი სტუმრები არ იყვნენ მოგების მომპოვებელნი. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა „ქორების“ სასტარტო ცენტრი ალ ჰორფორდი, რომელსაც ბევრი არ უთამაშია – 23 წუთში 24 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა და მოედნიდანაც თამამად გაიყვანეს, რაკი მასპინძლებს გამარჯვება უკვე მესამე მეოთხედში ჯიბეში ჰქონდათ.
ამან განაპირობა ზაზა ფაჩულიას შედარებით ხანგრძლივი თამაში. 18 წუთში ქართველმა ცენტრმა 11 ქულა და მატჩის მონაწილეთა შორის ყველაზე მეტი – 8 მოხსნა მოაგროვა.ზაზამ 7–დან 4 ორქულიანი და 7–დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და ერთი ჩაჭრა მიითვალა.
ატლანტელებს 13 მოგება და 5 მარცხი აქვთ და საკუთარ დივიზიონში „ორლანდოს“ შემდეგ მეორე ადგილზე არიან. ხოლო კონფერენციის მასშტაბით „ქორებს“ „კლივლენდი“ და „ბოსტონიც“ უსწრებენ.
მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი ხვალ ატლანტაში, „ნიუ იორკის“ წინააღმდეგ გამართავს.
 

ფაჩულიას შეჩერებას ტორონტოელი ამირ ჯონსონი ცდილობს
 

ბოლომდე მებრძოლი ფაჩულია ერთ –ერთ ეპიზოდში
მაყურებლებში აღმოჩნდა