ზაზა ფაჩულიამ ორმაგი დუბლის გემო გაიხსენა. თან ეს გამორჩეული შედეგი მიმდინარე შედეგებით ლიგის მეორე გუნდ „გოლდენ სტეიტთან”, ოკლენდში დააფიქსირა. „მილუოკი” ბოლომდე და ღირსეულად ებრძოლა ბობოქარ მეტოქეს და ბოლო მეოთხედში – 93:102 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი მილუოკელთაგან საუკეთესოდ დასახელდა. ფაჩულიამ შედეგიანად ითამაშა და ოკლენდელთა ცენტრი ენდრიუ ბოგუტი გაანეიტრალა. ზაზა სასტარტო ხუთეულში იყო და საუკეთესო შედეგის დასაფიქსირებლად 25 წუთი იმყოფინა. ამ დროში მან 9-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულასთან ერთად ფაჩულიამ 11 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი ერთადერთხელ დაკარგა.
ფაჩულიას კვალზე მილუოკელთაგან ბერძენი გიანის ანტეტოკოუმპო გამოირჩა, რომელმაც 16 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა და 7 პასი ჰქონდა „ბაქსის” ახალწვეულ მაიკლ კარტერ უილიამსს. „გოლდენ სტეიტში” 23 ქულითა და 12 მოხსნით დრეიმონდ გრინი გამოირჩა, 19 ქულა და 11 პასი სტივ კარიმ მიითვალა.
„მილუოკიმ” ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო და ახლა 32 მოგების წილ 29 მარცხი აქვს. მიუხედავად წარუმატებელი სერიისა, „ბაქსი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მაინც მყარადაა მე-6 ადგილზე. ეგაა, მე-5-ზე მყოფ „ვაშინგტონს” ჩამორჩა. მორიგი მატჩი მილუოკელებს შინ, 7 მარტს, სწორედ „ვაინგტონთან” ელის.