ზაზა ფაჩულიას ნბა-ს ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს. ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ერთადერთი მოქმედი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც გასული სეზონი „დალას მავერიკსში“ გაატარა, რამდენიმე საათის წინ „გოლდენ სტეიტ უორიორსში“ გადავიდა. ის დათანხმდა ოკლენდელთა შეთავაზებას, რაც ერთწლიან ხელშეკრულებას და 2,9 მილიონ დოლარს გულისხმობს.
2015 წლის ჩემპიონი და აწ დასრულებულ სეზონში “კლივლენდთან” ტიტულის ბოლო წამს დამთმობი „გოლდენ სტეიტი“ ერთიორად გაძლიერდა, რაც „ოკლაჰომა სიტიდან“ კევინ დიურანტი გადაიბირა. გოლდენსტეიტელებმა შეინარჩუნეს სტეფ კარი, ანდრე იგუდალა, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი – ანუ ყველა ძლიერი მოთამაშე, რომლებსაც დიურანტისა და ფაჩულიას დამატება მომავალ სეზონში ტიტულის მოგების უპირველეს კანდიდატად აქცევს.
რაც ყველაზე საინტერესოა, დიდი შანსია, ზაზა „გოლდენ სტეიტის“ ძირითადი ცენტრი გახდეს. ამ ეტაპზე გუნდში არავინ ირიცხება ისეთი, ცენტრის პოზიციაზე ფაჩულიას კონკურენცია რომ გაუწიოს. გუნდი დატოვა ავსტრალიელმა გოლიათმა – ანდრე ბოგატმა, ხოლო ოკლენდურ გუნდში დარჩენილი ცენტრები – მარის სპეიტსი და ფესტუს ეზელი არც ფაჩულიას დონისანი არიან და არც ზაზას დარი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს.
ფაჩულიასთვის გასული სეზონი მის 13-წლიან კარიერაში საუკეთესო იყო. ზაზა ოლ სტარამდე დალასელთა გუნდში საშუალოდ ორმაგ დუბლს აგროვებდა და ყველა ვარსკვავის მატჩში მოხვედრამდე ძალიან მცირედი დააკლდა. ოლ სტარის შემდეგ მას სათამაშო დრო შეუმცირდა და ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლებიც ორმაგ ნიშნულს ჩამოსცდა. ქართველმა ცენტრმა სეზონი საშუალოდ 8.6 ქულითა და 9.4 მოხსნით დაასრულა და „დალასში“ „მილუოკიდან“ გამოყოლილი 4-წლიანი კონტრაქტიც ამოეწურა. ზაზას თავისუფალი აგენტობა დიდ ხანს არ გაგრძელებია და ის დღეიდან კევინ დიურანტთან, სტეფ კარისთან და კლეი ტომპსონთან ერთად ნბა-ს 2016-17 წლების სეზონში ჩემპიონობის მოგების უმთავრესი პრეტენდენტია.