ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა. „ატლანტას“ ქართველმა ცენტრმა დღეს, გამთენიისას, კლივლენდში წაგებულ მატჩში სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავი არ შეურცხვენია, თუმცა ატლანტელებმა მთლიანობაში ითამაშეს ცუდად და საბოლოოდ უშანსოდ – 83:99 დამარცხდნენ.
ფაჩულიამ ხუთეულში ტრავმირებული უკანახაზელის, დეშონ სტივენსონის მაგივრად ითამაშა. ანუ ატლანტელები 3 მეფარით დაუპირისპირდნენ „კლივლენდს“, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. მასპინძლებს აკლდათ ტრავმირებული ანდერსონ ვარეჟაო, რომელიც საშუალოდ 14,4 მოხსნით ლიგის ლიდერია, თუმცა თავის საქმეს კარგად გაართვვეს თავი მასპინძელთა მეფარებმა – ტრისტან ტომპსონმა, ახალბედა ტაილერ ზელერმა, ხოლო გამთამაშებელმა კაილი ირვინმა 33 ქულა მოინაგრა და კლივლენდელებს იოლად გაამარჯვებინა.
ეს „ატლანტასთვის“ ზედიზედ მე-4 მარცხი იყო და ჯორჯიელებმა დაკარგეს კიდეც აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილიო, სადაც ბოლო 2 კვირაზე მეტია, იმყოფებოდნენ. ატლანტელებს გადაუსწრო „ინდიანამ“ და „ჩიკაგომ“, რის შემდეგაც ფაჩულიას გუნდი მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდა.
ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში 25,40 წუთი ითამაშა და 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო. 8 ქულას ზაზამ 10 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიამატა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. ატლანტელთაგან საუკეთესო შედეგი ჯოშ სმიტს ჰქონდა, რომელმაც 36 წუთში 17 ქულა, 8 მოხსნა, 6 დაფარება და 4 პასი მოინაგრა.
მომდევნო მატჩს „ატლანტა“ 11 იანვარს შინ, „იუტასთან“ გამართავს.