ფაჩულიას სეზონის მე-6 ორმაგი დუბლი და გამარჯვება ბოსტონში

ფაჩულიას სეზონის მე-6 ორმაგი დუბლი და გამარჯვება ბოსტონში

ზაზა ფაჩულიას მე-6 ორმაგი დუბლი სეზონის მე-12 მატჩში. ქარველი ცენტრი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ბოსტონში, სადაც მისმა „დალასმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა – 106:102.
დალასელებმა რთული მატჩი მოიგეს. ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები 8 ქულით იგებდნენ, თუმცა მაღალ დონეზე ჩატარებული დასკვნითი მეოთხედის შემდეგ, რომელიც ტეხასელებმა 36:24 მოიგეს, ბოსტონელები წელში გატეხეს და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწიეს.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ზაზა კვლავ უბადლო იყო ფარქვეშ ბრძოლებში და მოგროვებულ 14 ქულას 12 მოხსნაც მოაყოლა. ამასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 3 პასი და 1 დაფარებაც მიითვალა და გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ზაზას თანამებრძოლმა დირკ ნოვიცკიმ თავი 23 ქულითა და 7 მოხსნით გამოიჩინა. 18 ქულა მიითვალა ვესლი მეთიუზმა, ხოლო დერონ უილიამსის ანგარიშზე 16 ქულა და 6 პასი დაგროვდა. „ბოსტონში“ საუკეთესო ჯარედ სალინჯერი იყო, რომელმაც მატჩის მეორე ორმაგი დუბლი გაიფორმა 18 ქულითა და 12 მოხსნით.
8 მოგებითა და 4 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე გამაგრდა და მიუახლოვდა მეორეზე მყოფ „სან ანტონიოს“. პირველზე კი ფენომენალურად მოთამაშე მოქმედი ჩემპიონი „გოლდენ სტეიტია“ 12-მატჩიანი წაუგებელი სერიით.
მორიგ მატჩში, 21 ნოემბერს, „დალას მავერიკსი“ „იუტა ჯაზს“ უმასპინძლებს.