„ატლანტა ჰოუქსმა“ ნბა–ს რეგულარული ჩემპიონატის მეორე მატჩშიც იმარჯვა. მემფისში წარმატების შემდეგ „ქორები“ ფილადელფიაში “ჩაფრინდნენ” და იქაურ „სიქსერზს“ 104:101 მოუგეს.
ფაჩულიამ მემფისში ორმაგი დუბლი შეასრულა (17 ქულა, 11 მოხსნა), რამაც ეტყობა ისე შეაფუცხუნა ატლანტელთა ძირითადი ცენტრი, იმ შეხვედრაში 2 ქულის მიმთვლელი ალ ჰორფორდი, რომ ეს უკანასკნელი ფილადელფიელებთან შეხვედრაში შეუჩერებელი იყო. ჰორფორდმა 11–დან 9 ორქულიანი ჩააგდო, მთლიანობაში კი 20 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა.
მიუხედავად ჰორფორდის აქტიურობისა, ქართველმა ცენტრმა მაინც მოახერხა თავის გამოჩენა. მისთვის გამოყოფილ 14,14 წუთში ზაზამ 7 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ფაჩულიამ 5 ორქულიანიდან 3 ჩააგდო, რასაც 1 საჯარიმოც მოაყოლა. მან ასევე თითო პასი და ჩაჭრაც მიითვალა და მოედანი ვალმოხდილმა დატოვა.
ატლანტელები მომდევნო მატჩს შინ, აღმოსავლეთის ერთ–ერთ აუტსაიდერ „ვაშინგტონთან“ ჩაატარებენ.