ფაჩულიას ტრავმამ თამაში არ დაანება

ზედიზედ 6 გამარჯვებით ცაში აფრენილი “ქორები” მიწაზე დაეშვნენ. ზაზა ფაჩულიას “ატლანტან” პირველი საამსეზონო მარცხი 4 დღის წინ ჩემპიონი “ბოსტონისგან” იწვნია, თუმც ბოლო ორ დღეში საშუალო “ნიუ ჯერსისთან” ორჯერ წააგო და ნბა–ს ლიდერებს ჩამორჩა.
ფაჩულიამ “ბოსტონთან” მხრის ტრავმა მიიღო, თუმც მომდევნო მატჩშივე გამოჩნდა მოედანზე. როგორც აღმოჩნდა, ტრავმა არც ისე მსუბუქი გამოდგა, რაკი ხუთეულში გამოჩენილმა ქართველმა ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 12 წუთი გაატარა. წუხანდელ მატჩში კი ზაზა საერთოდ განაცხადშიც არ ყოფილა
 

 
“ნიუ ჯერსისთან” ორივე წაგებული მატჩი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს. ატლანტელებმა პირველი შეხვედრა 108:115 წააგეს, ხოლო დღეს, გამთენიისას, ფაჩულიას გარეშე მოთამაშე “ქორებმა” 107:119 დათმეს.
ფაცულიან ბოლოსწინა მატჩში, როგორც ვთქვით, 12 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 2 მოხსნა და ამდენივე დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ეს ორივე დაფარება ზაზამ 2 წამში მიითვალა, როცა ნიუჯერსელთა ლიდერს, ამ შეხვედრაში 30 ქულის მომხვეჭ დევინ ჰარისს მიჯრით მიაფარა.
მიუხედავად ამ დამარცხებებისა, ატლანტელებმა სამხრეთაჭმოსავლეთ დივიზიონში ლიდერობა შეინარჩუნეს, თუმც მდევარ “ორლანდოსაც” “ჰოუქსის” დარად 6 გამარჯვება აქვს 3 წაგების წილ.