მორიგ ტურში ერთმანეთს ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატები შეხვდნენ. „სოხუმმა“ და „ავერსმა“ ერთმანეთს დიდი ბრძოლა გაუმართეს. თამაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
მიუხედავად ამისა, ტექნიკური წუნიც საკმაოდ დიდი იყო – გუნდებმა მთლიანობაში 54–ჯერ დაკარგეს ბურთი, ხოლო „ავერსმა“ ერთი სამქუილიანიც კი ვერ ჩააგდო. თუმცა მცდელობაც არ ჰქონია დიდი: ნუგზარ კანდელაკის დამოძღვრილმა ავერსელებმა მთლიანობაში 5–ჯერ შეუტიეს შორიდან. მიუხედავად ამისა, „ავერსმა“ მაინც მოახერხა გამარჯვება. რაკი შორიდან ვერ აგდებდნენ, ავერსელებმა შეტევის ასპარეზად ფარქვეშეთი აირჩიეს და შესაბამისად, მთლიანად დატვირთეს ტანმაღალი მოთამაშეები – ლერი კვანტალიანი და ბექა ნადირაძე. ამ დუეტმაც გაამართლა და სამწამიანში სოხუმელებს ბრძოლათა უმეტესობა მოუგეს. ორივე მათგანმა ორმაგი დუბლი მიითვალეს. შედარებით ტანმორჩილი გიორგი იაკობიძეც კარგად ირჯებოდა ფარქვეშ და ავერსელებს 13 მოხსნით შეეშველა.პირველი გამარჯვება მოიპოვა 16–წლამდელთა ნაკრებმა, რომელმაც „თბილისი“ 28 ქულით დაჯაბნა. გია კაზანჯიანის გუნდმა მეტოქეს საქმე პირველსავე ტაიმში მოუთავა, რომელიც 39:12 მოიგო და დარჩენილ დროში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. რუსთავში მასპინძლები მთელი სამი მეოთხედი უძალიანდებოდნენ ქუთაისელებს, თუმცა იმერულმა კლუბმა საბოლოოდ მაინც დამაჯერებლად იმარჯვა. დიტო დვალიშვილისა და ლევან გრძლეიძის აქტიურობის შედეგად ქუთათურებმა ბოლო მეოთხედი 20:9 მოიგეს და ყველაფერი სათავისოდ გადაწყვიტეს.„ორბისა“ და „ფოთის“ შეხვედრაში მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდი დაფიქსირდა. თბილისელმა ლევან ლოლიშვილმა 40 ქულა მიითვალა, რითაც „ორბის“ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.