კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობა გაახანგრძლივა. „ჰიუნდაი“ 2009 წლიდან საქართელოს ეროვნული ნაკრების სპონსორია და აღნიშნული სტატუსით კიდევ მინიმუმ 2 წელი ისარგებლებს.
სპონსორობის შესახებ ახალი მემორანდუმი დღეს, კომპანია „ჰიუნდაის“ ოფისში გაფორმდა. მემორანდუმზე ხელი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორმა დავით გიორგობიანმა მოაწერეს.
„ჰიუნდაი“ საქართველოს ეროვნული ნაკრების სპონსორი 2009 წელს გახდა, რის შემდეგაც ნაკრები ჯერ B-დან A დივიზიონში გადავიდა, შემდეგ ციკლში კი პირველად, არსებობის ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. დღეს გაფორმებული სპონსორობის მემორანდუმი 2-წლიანია და ის 2015 წლის სანაკრებო სეზონის დასასრულს ამოიწურება.
მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): მოხარული ვარ, რომ კვლავ გრძელდება თანამშრომლობა კომპანია „ჰიუნდაისთან“ და მოვუწოდებ სხვა კომპანიებსაც, მხარში დაუდგნენ კალათბურთს და გარკვეული წვლილი შეიტანონ მის განვითარებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა კალათბურთი და იმედია სახელმწიფო დაგვეხმარება სხვადასხვა პროგრამების განხორციელებაში, რაც კალათბურთის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს.
დავით გიორგობიანი (კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორი): სასიხარულოა, რომ კვლავ ვახანგრძლივებთ თანამშრომლობას კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან. კერძო ინვესტიციების გარეშე ვერ განვითარდება სპორტის ვერცერთი სახეობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ზედიზედ 2-ჯერ მოხვდა ევროპის ფინალურ ეტაპზე, ამიტომ ჩვენ დავუდგებით ეროვნულ ნაკრებს გვერდით, რადგან ეს ჩვენი კომპანიისთვისაც დიდი პრესტიჟია.