“ბასკონიას” კაპიტანი თორნიკე შენგელია რომ ამ გუნდის ჭეშმარიტი ლიდერია, ცხადზე უცხადესია. უკვე მერამდენე მატჩია, ბასკონიელთა მოგებისა თუ წაგების მიუხედავად, ქართველი ფორვარდი თავის გუნდში ყველაზე შედეგიანია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინაა მეტოქე. ცსკა, “ბარსელონა”, “რეალი” თუ… დღეს, ბასკონიელებმა ქართველი ფორვარდის წინამძღოლობით ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ “ფენერბაჰჩეს” და ბოლო წუთებზე, დასანანად წააგეს – 74:79.
შეხვედრა სტამბოლში გაიმართა და ცხადია, “ფენერბაჰჩეს” დარბაზის სრული მხარდაჭერა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ბასკონიელებმა პირველი ნახევარი მოიგეს და ლიდერობას ბოლო პერიოდამდე არ თმობდნენ. დასკვნით წუთებში მასპინძლებმა იძალეს და გამარჯვება იზეიმეს.
შენგელია სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე გატარებულ 27:44 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 5-დან 4 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ქართველი ფორვარდის ეფექტურობის ინდექსმა 22-ს უწია, რაც ბასკონიელთაგან საუკეთესო შედეგი იყო და 2 ერთეულით ჩამორჩა ფენერბაჰჩელი ბრედ უონამეიქერის მონაგარს – 16 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა.
ევროლიგაში 16 გუნდია, რომლებიც 2 წრედ თამაშობენ და საუკეთესო 8 პლეი ოფში გადის. ამ მომენტისთთვის 16 ტურია გამართული და ბასკონიელებს 7 მოგებით მე-9 ადგილი უკავიათ. შემდეგი ტურში, 12 იანვარს, შენგელიას გუნდი ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლებს.