ფიბა-ევროპის გენერალური მდივანი ნარ ზანოლინი თბილისშია. ამას წინათ, ოქტომბრის დასაწყისში, საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი საბერძნეთში იყვნენ, სადაც ფიბა-ევროპის პრეზიდენტ გიორგიოს ვასილაკოპულოსს შეხვდნენ და სწორედ მაშინ შეთანხმდნენ, რომ ევროპის მმართველი საკალათბურთო ორგანიზაციის, ფიბა-ევროპის მაღალჩინოსნები თვის ბოლოს თბილისში ჩამოვიდოდნენ. და აი, ევროპის საერთაშორისო ფედერაციის გენ-მდივანი საქართველოშია და მას ფიბა-ევროპის ფინანსური განყოფილების უფროსი იან ბერტენინგი ახლავს. ნარ ზანოლინის ვიზიტის მიზანი საქართველოში არსებული საკალათბურთო ატმოსფეროს და ინფრასტრუქტურის გაცნობაა. ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნის კალათბურთის ფედერაციას 2011 წლის ევროპის რომელიმე ასაკობრივი ტურნირის მასპინძლობა აქვს გადაწყვეტილი. თუნდაც B დივიზიონის კადეტთა შეჯიბრების მასპინძლობისთვის აუცილებელია ქალაქში მინიმუმ სამი ევროსტანდარტების დონის არენა და გამართული სასტუმროთა ქსელი.სტუმრებმა უკვე მოინახულეს სპორტის სასახლე, ვერის ბაღში მდებარე დარბაზი, დღეს კი საკალათბურთო აკადემიის დათვალიერებაა დაგეგმილი, რის შემდეგაც ნარ ზანოლინი და იან ბერტენინგი სპორტის, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკა რურუას შეხვდებიან. დღესვე, საღამოს 5 საათზე, “დინამოს” სტადიონთან მდებარე “სპორტკაფეში” გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანებლები და ევროპელი სტუმრები დაესწრებიან.
ბესიკ ლიპარტელიანი, ნარ ზანოლინი, იან ბერტენინგი და ლაშა ძიძავა საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში