ფიბა-ევროპის პროგრამა “ტაიმაუტ 2.0-ის” ქართველი მონაწილეები

ფიბა-ევროპის პროგრამა “ტაიმაუტ 2.0-ის” ქართველი მონაწილეები

შვეიცარიის ქალაქ მიესში, ფიბა-ევროპის პროგრამა “ტაიმაუტ 2.0“-ის ფარგლებში,  წარმატებულ მონაწილეთა გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას ფიბა-ს შტაბ-ბინაში მდებარე პატრიკ ბაუმანის სახელობის „კალათბურთის სახლმა“ უმასპინძლა. 

ფიბა-ევროპის პროექტი „ტაიმაუტ 2.0“  სამი მიმართულებისგან  შედგებოდა:

  1. აქტიური და ყოფილი მოთამაშეების კარიერის შემდგომი განვითარება და დასაქმება;
  2. ქალები მმართველობაში;
  3. სპორტის პოლიტიკა და სპორტული სამართლიანობა.

პროგრამის თითოეული მიმართულება საკმაოდ გრძელვადიანი გახლდათ, სადაც მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს და პროგრამის სასწავლო კურსი  წარმატებით დაასრულეს.

აქტიური და ყოფილი მოთამაშეების კარიერის შემდგომი დაგეგმარების და განვითარების პროგრამაში წარმოდგენილი იყო საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე მანუჩარ მარკოიშვილი.  „ქალები მმართველობაში“, რომლის მიზანიც სპორტში ქალთა ჩართულობის გაზრდაა, მონაწილეობა მიიღო კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გურულმა, ხოლო „სპორტის პოლიტიკის და სპორტული სამართლიანობის“ ნაწილში, რომელიც თამაშების ჩაწყობის, ანტიდოპინგის და სპორტში ძალადობის პრევენციას ითვალისწინებდა,  ჩართული იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდების მენეჯერი შალვა ონიანი. 

პროგრამის სამივე ქართველი მონაწილე ფიბა-ს სერთიფიკატებით შვეიცარიაში სპეციალურად გამართულ გამოსაშვებ ცერემონალზე დააჯილდოვეს.