საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ბათუმი“ ევროპულ ასპარეზზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება. ფიბა ევროპის თასის A ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ზღვისპირელები ჩეხურ „ოპავას“ დაუპირისპირდებიან. სამწუხაროდ, საკუთარ ქალაქში არსებულ სპორტულ დარბაზში არასტანდარტული ტაბლოს გამო, ბათუმელები საშინაო ევროთასების მატჩებს საკუთარ მოედანზე ვერ ატარებენ, რის გამოც ეს მნიშვნელოვანი დაპირისპირება დედაქალაქში, „თბილისი არენაზე“ გაიმართება, სადაც გულშემატკივართათვის დასწრება თავისუფალი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში ანატოლი ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი დამაჯერებლად ასპარეზობს — სუპერლიგის სტარტზე „ბათუმმა“ ორივე შეხვედრა მოიგო. ზღვისპირელებმა სეზონი „ქუთაისის“ ძლევით გახსნეს, რასაც ახალციხეში გამართულ მატჩში ადგილობრივ გუნდთან მოპოვებული მძიმე გამარჯვება მოჰყვა, თუმცა ევროთასებზე სულ სხვა მასშტაბისა და ინტენსივობის ბრძოლები მიმდინარეობს.
A ჯგუფის პირველ ტურში საკმაოდ საინტერესო და შედეგიანი მატჩები დაფიქსირდა. „ბათუმი“ სტუმრად გერმანულ „ტრიერთან“ დამარცხდა (59:92), ჩეხურმა „ოპავამ“ კი საკუთარ კედლებში ხორვატიულ „სპლიტთან“ დათმო შეხვედრა (68:74). ჯგუფის მესამე დაპირისპირებაში ბერძნულმა „პრომითეასმა“ კოსოვოს „ტრეპჩას“ სძლია (91:77). ამდენად, სატურნირო ცხრილს პირველი ტურის შემდეგ 2-2 ქულით „ტრიერი“, „პრომითეასი“ და „სპლიტი“ ლიდერობენ, ხოლო „ოპავა“, „ტრეპჩა“ და „ბათუმი“ თითო ქულით მომდევნო პოზიციებზე იმყოფებიან.
მეორე ტური ჯგუფში უაღრესად საინტერესო დაპირისპირებებს გვთავაზობს: პარალელურად, საბერძნეთში „პრომითეასი“ „ტრიერს“ უმასპინძლებს, ხოლო ხორვატიაში „სპლიტი“ „ტრეპჩას“ დაუპირისპირდება. რაც შეეხება „ბათუმისა“ და „ოპავას“ შეხვედრას, ორივე გუნდისთვის ევროთასებზე პირველი გამარჯვების მოპოვება პრინციპული ამოცანაა, რის გამოც „თბილისი არენაზე“ ცხელი და დაძაბული საკალათბურთო საღამოა მოსალოდნელი.