ფიბა-მ ლატვია, ხორვატია და თურქეთის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მიიწვია

ფიბა-მ ლატვია, ხორვატია და თურქეთის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მიიწვია

ხორვატიას, ლატვიას და თურქეთს, რომლებმაც გასულ ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურები ვერ მოიპოვეს, ფიბა-მ საჩუქარი გაუკეთა და ოლიმპიადაზე გასვლის შანსი უბოძა. ამ ქვეყნის ნაკრებები ფიბა-მ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მიიწვია, რომელიც 4-10 ივლისს სამ ქვეყანაში – ფილიპინებში, სერბეთსა და იტალიაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის 2 საგზური გასულ ევროპის ჩემპიონატზე გათამაშდა და ისინი ფინალში გასულმა გუნდებმა – ესპანეთმა და ლიტვამ მიიღეს. ევრობასკეტზე ასევე გათამაშდა ოლიმპიადის დამატებითი საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურები, რომელიც რეგლამენტით 3-7 ადგილებზე გასულმა გუნდებმა მიიღეს. შესაბამისად, ოლიმპიადის საკვალიფიკაციოში გავიდნენ – საფრანგეთი, სერბეთი, იტალია, საბერძნეთი, ჩეხეთი. ამ გუნდებს ფიბა-მ საკუთარი შეხედულებისამებრ დაამატა ლატვია, რომელიც ევრობასკეტზე მერვე ადგილზე გავიდა, ასევე თურქეთი და ხორვატია, რომლებიციც საქართველოს მსგავსად მერვედფინალში დამარცხდნენ.
ანალოგიური პრინციპით ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურის საგზურები მოიპოვეს სხვა კონტინენტის გუნდებმაც და მათი საერთო რაოდენობა 18-ს შეადგენს. ესენი არიან: ევროპა: იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, სერბეთი, ჩეხეთი, ლატვია, ხორვატია, თურქეთი
აზია: ფილიპინები, ირანი, იაპონია
აფრიკა: ანგოლა, ტუნისი, სენეგალი
ამერიკა: კანადა, მექსიკა, პუერტო რიკო
ოკეანია: ახალი ზელანდია.
ეს 18 გუნდი 26 იანვარს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში მდებარე ფიბა-ს შტაბბინაში ბრმა კენჭისყრით 3 ჯგუფში გადანაწილდება და ამ ჯგუფებს 4-10 ივლისს უმასპინძლებენ იტალიური ტურინი, ფილიპინური მანილა და სერბული ბელგრადი. ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე სერბეთი, იტალია და ფილიპინები საკუთარ ქვეყანაში ითამაშებენ. ოლიმპიადის საგზრუს მიიღებს თითოეული ჯგუფის გამარჯვებული.