ფინეთ-საქართველოს მატჩისშემდგომი პრეს-კონფერენცია

ფინეთ-საქართველოს მატჩისშემდგომი პრეს-კონფერენცია

მატჩის შემდგომ პრეს–კონფერენციაზე გამარჯვებული გუნდის მხრიდან მთავარ მწვრთნელ ჰენრიკ დეტმანთან ერთად 14 ქულის მიმთვლელი მიკო კოივისტო გამოცხადდა. საქართველოს ნაკრები კი ტრადიციულად იგორ კოკოშკოვით იყო წარმოდგენილი, ხოლო მოთამაშის ადგილი ვიქტორ სანიკიძემ დაიკავა.
 
 
 
ვიქტორ სანიკიძე:
„პირველ რიგში მივულოცავ ფინელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს. სტატისტიკიდან ჩანს იმის მიზეზი, თუ რატომ წავაგეთ თამაში. თითქმის ყველა მაჩვენებელში თანაბარი შედეგები გვაქვს, მხოლოდ სამქულიანებშია ფინეთის დიდი უპირატესობა. ეს კალათბურთია, ხან ჩააგდებ სამქულიანებს, ხან – ვერა. რას ვიზავთ. ჩვენს ნაკრებს დიდი ძალა აკლდა 2 ტრავმირებული მოთამაშის სახით, რამაც მატჩის შედეგზე გავლენა იქონია“.
 
მიკო კოივისტო:
„ეს მატჩი ძალიან დიდი მნიშვნელობის იყო ორივე გუნდისთვის. გამარჯვების მოპოვებით ჯგუფიდან გასვლის შანსები გადავირჩინეთ. რა თქმა უნდა, სამქულიანების ფაქტორი უმნიშვნელოვანესი იყო ამ თამაშში. კარგად ვესროდით და თავსაც კარგად ვიცავდით“.
 

 
იგორ კოკოშკოვი:
„დავეთანხმები სანიკიძეს, რომელმაც ჩვენი ძირითადი ხუთეულის ორ ტრავმირებულ მოთამაშეზე ილაპარაკა. ზაზა ფაჩულია და გიორგი ცინცაძე ჩვენთვის დიდი დანაკლისია. ფაჩულიაზე გუნდის სათამაშო სისტემის უდიდესი ნაწილი გვქონდა აწყობილი. ჩვენმა გუნდმა მაინც გულიანად ითამაშა, რაც შეეძლო, გააკეთა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ფინეთმა სწრაფი კალათბურთი ითამაშა და ამას ზუსტი შორი სროლებიც რომ დაემატა, ვეღარაფერს გავხდით. ჩვენმა ნაკრებმა ამ წაგებიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს. დებიუტანტები ვართ და ყოველი შეხვედრიდან გამოცდილება უნდა მივიღოთ.
 
ჰენრიკ დეტმანი:
ფინეთი და საქართველო დამეგობრებულები ვართ, უკვე იმდენჯერ მოგვიწია ამ ბოლო წლებში ერთმანეთთან თამაში. დღევანდელ მატჩში რაც დავგეგმეთ, გამოგვივიდა. გვინდოდა, მეტოქისთვის ჩვენი თამაშის სტილი მოგვეხვია და საშუალება არ მიგვეცა საკუთარი პლიუსების გამოსაყენებლად. ექვსმა კალათბურთელმა მიაღწია ქულათა ორციფრიან ნიშნულს, რაც გუნდურ თამაშზე მიუთითებს. ეს ჩვენი ნაკრების ფილოსოფიაა, რომ ყველამ უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი გამარჯვებაში.