ფინიქსში მოგებულ მატჩში ფაჩულიამ 5 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა

ფინიქსში მოგებულ მატჩში ფაჩულიამ  5 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ რეგულარული ჩემპიონატის მე-3 მატჩი დღეს, გამთენიისას ფინიქსში გამართა და ახალდაწყებულ ნბა-ს სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა. ოკლენდელთა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავისი წილი სამუშაო ბრწყინვალედ შეასრულა.

ფაჩულიას მიმდინარე სეზონში მისთვის უმეტესი – 22 წუთი დაეთმო, რაც ქართველმა ცენტრმა კარგად გამოიყენა. ზაზამ 5 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. ფაჩულიამ 5-დან 1 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ოკლენდელთა სასტარტოებიდან 37 ქულით კევინ დიურანტი გამოირჩა, 28 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, ხოლო დრეიმონდ გრინმა დიდი სამუშაო გასწია – 8 ქულა, 13 მოხსნა, 9 პასი და 3 დაფარება მიითვალა.
„გოლდენ სტეიტმა“ პირველი მეოთხედი 22:30 დათმო, თუმცა თამაში მალე გაათანაბრა და მედგრად მებრძოლი ფინიქსელები ბოლო პერიოდში გატეხა. ფაჩუულიას გუნდმა საბოლოოდ 105:100 იმარჯვა და 3 მატჩის შემდეგ 2 მოგება აქვს. მომდევნო მატჩს ოკლენდელები 2 ნოემბერს, პორტლენდში „ბლეიზერსთან“ გამართავენ.